logo
ENG



"მიუღებელია" - გაეროში ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონზე

03 მარ 202311:48
3 წუთის საკითხავი
 

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და მას მიუღებელსა და დაუშვებელს უწოდებენ.

ფორმულა მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს, და უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციებსა და რეპუტაციაზე, მათ შორის, გაეროში.

აქვე, გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, დაუშვებელი და მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების და დონორების ნებისმიერი ფორმით სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაზე, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ უამრავ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, საქართველოს ათასობით ახალგაზრდას აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას.

და ბოლოს, ვუერთდებით საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი შედეგები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს ქვეყნის წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში:

2012-2013 – გიორგი ჭეხანი
2013-2014 – თორნიკე ზურაბაშვილი
2014-2015 – ლაშა შაყულაშვილი
2015-2016 – მარიამ სიხარულიძე
2016-2017 – თათია დოლიძე
2017-2018 – გიორგი ტუმასიანი
2018-2019 – ლიკა ტორიკაშვილი
2019-2020 – ესმა გუმბერიძე
2021-2022 – ნინო გოგოხია
2022-2023 – დავით ესათია

გუშინ, 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და იურიდიულ კომიტეტს გადასცეს განსახილველად.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა